იტალიის სენატის პრეზიდენტი – ბოლო წლებში მანიპულაციების საფრთხე ათჯერ გაიზარდა, ჩვენი პასუხი მხოლოდ ეროვნულ დონეზე ვერ შემოიფარგლება, ის უნდა იყოს კოლექტიური, ევროპული და საერთაშორისო
ბოლო წლებში მანიპულაციების საფრთხე ათჯერ გაიზარდა, ამ გამოწვევაზე ჩვენი პასუხი მხოლოდ ეროვნულ დონეზე ვერ შემოიფარგლება, ის უნდა იყოს კოლექტიური, ევროპული და საერთაშორისო, – ამის შესახებ იტალიის სენატის პრეზიდენტმა, იგნაციო ლა რუსამ რომში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც იმყოფება.
იგნაციო ლა რუსას თქმით, საპარლამენტო დემოკრატიას შეუძლია გახსნას დიალოგის არხები მაშინაც კი, როდესაც ოფიციალური ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის.
„კონფერენციაზე წარმოდგენილი პარლამენტები დემოკრატიის უმთავრესი ფუნქციის როლში გვევლინებიან. ისინი მზად არიან, გაუმკლავდნენ ჩვენი დროის მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებს. დემოკრატიული მდგრადობა მოითხოვს, რომ იმ საფრთხეების წინაშე, რომლებზეც ვსაუბრობთ, მტკიცე და თანმიმდევრული პოზიცია შევინარჩუნოთ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქეთა ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ამის გარეშე აზრთა თავისუფალი გაცვლის პროცესი, შესაძლოა, მანიპულაციებმა ჩაახშოს.
თქვენ კარგად გესმით, რომ ბოლო წლებში მანიპულაციების საფრთხე და რისკი ათჯერ გაიზარდა. ამ გამოწვევაზე ჩვენი პასუხი მხოლოდ ეროვნულ დონეზე ვერ შემოიფარგლება. ის უნდა იყოს კოლექტიური, ევროპული და საერთაშორისო. პარლამენტებსა და ხალხის წარმომადგენლებს შეუძლიათ, თავიანთი მანდატების მეშვეობით რეალური წვლილი შეიტანონ პრობლემების გადაჭრის საქმეში. საპარლამენტო დემოკრატიას შეუძლია, გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს ამ საქმიანობას, ამასთანავე გახსნას დიალოგის არხები მაშინაც კი, როდესაც ოფიციალური ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის. არჩეულ წარმომადგენლებთან დიალოგი ხელს უწყობს ურთიერთნდობის ჩამოყალიბებასა და მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მიღებას საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საფუძველზე. მე მტკიცედ მჯერა, რომ ხალხებს შორის დიალოგი ჩვენი დროის გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების უმთავრესი გზაა“, – განაცხადა იტალიის სენატის პრეზიდენტმა.