იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი, ვმუშაობთ, რომ იყოს ნატო-შიც, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების მიღება სახიფათოა, რადგანაც ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენეცია გრძელდება. ევროპისა და აშშ-ის ლიდერები გლობალური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. ამ ფონზე ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ აუცილებელია, ევროპამ თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაზარდოს.
როგორც ერთ-ერთ დისკუსიაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, თუმცა ეს ომის დასრულების შემდეგ მოხდება.
„რუსეთისთვის გზავნილი ძალიან მკაფიოა. უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი და ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინა იყოს ნატო-შიც. მაგრამ ახლა, ამ მომენტში გადაწყვეტილების მიღება ყველასთვის სახიფათოა, რადგანაც ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს და თუ უკრაინა იქნება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, მაშინ ეს იქნება მესამე მსოფლიო ომი. ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.