იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - საქართველოს „ექვს ერზე“ თამაშის შანსი უნდა მივცეთ
სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა პრესასთან საუბრისას „ექვსი ერის“ ფორმატში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ტურნირზე მონაწილეობის შანსი უნდა მიეცეს.
„როგორც იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ძალიან ვწუხვარ, რომ „აძურის“ თამაშის ხარისხმა მკვეთრად იკლო. შესანიშნავად მესმის ამის მიზეზიც – რაგბი იტალიაში ფეხბურთს და ფორმულა 1-ს პოპულარობით მკვეთრად ჩამორჩება.
ვფიქრობ, რომ „ექვსმა ერმა“ მიდგომა უნდა შეცვალოს და საქართველოს ტურნირზე მონაწილეობის შანსი მისცეს. „ბორჯღალოსნები“ ვერ განვითარდებიან, თუკი წელიწადში მხოლოდ ერთ მატჩს ითამაშებენ უმაღლესი დონის ოპონენტებთან, ხოლო სხვა შემთხვევებში რუსეთს, რუმინეთს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. თუკი ქვეყნებს წინ სვლის შანსს არ მივცემთ, რაგბი მთელს მსოფლიოში პოპულარული სახეობა ვერასდროს გახდება,“ – განაცხადა მალეტმა.
64 წლის სპეციალისტი დასახელებული ქვეყნების ნაკრებების გარდა პარიზული „სტად ფრანსეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. მანამდე, „ექვს ერზე“ დაწინაურება/დაქვეითების იდეაზე „ბი ბი სის“ (BBC) პირდაპირ ეთერში უელსის ნაკრების ექს-კაპიტანმა სემ ვორბარტონმა ისაუბრა.