იტალიის მთავრობამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
იტალიის მთავრობამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იტალიაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მთავრობის განკარგულებით, ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები ხუთი მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

იტალიური მედიის ცნობით, ეს სახსრები დაიხარჯება მიგრანტების განთავსების ახალი ცენტრების მშენებლობაზე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში გამარტივებული იქნება ქვეყანაში არალეგალური გზით ჩასული პირების დეპორტაციის პროცედურა.

ამასთან, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, ჰელო მუსუმეჩიმ უკვე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მიგრანტების ნაკადთან გამკლავების მიზნით მიღებული ზომები საკმარისი არ არის. მან მოუწოდა, პრობლემის გადაჭრაში ევროკავშირიც ჩაერთოს.

ოფიციალური მონაცემებით, წლის დასაწყისიდან იტალიაში უკვე ჩავიდა 31 ათასი მიგრანტი. შარშან ამავე პერიოდში კი მათი რიცხვი 7 900-ს შეადგენდა. ლტოლვილები იტალიაში ძირითადად ტუნისიდან და ლიბიიდან ჩადიან.

იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ებრძოლოს უკანონო მიგრაციას, რომ კატასტროფა აიცილოს თავიდან.