იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი მარიო დრაგი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მისალოც წერილში საუბარია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და იმ ფაქტზე, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, პირადად ჩემი და იტალიის მთავრობის სახელით, გულითადად მოგილოცოთ თქვენი დანიშვნა საქართველოს მთავრობის მეთაურად და მინდა გისურვოთ ყოველმხრივი წარმატება მთავრობის საქმიანობაში.
ჩვენს ურთიერთობებში მიღწეული შესანიშნავი სიმაღლეები მარწმუნებს და იმედს მაძლევს, რომ შესაძლებელია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს მომდევნო თვეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიასთან ბრძოლის გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით.
საქართველოს შეუძლია კვლავაც დაეყრდნოს იტალიას მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საქმეში, ასევე იმ ძალისხმევაში, რაც წაახალისებს გულწრფელი თანამშრომლობის ინსტიტუციური კლიმატის შექმნას. იტალია მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმების ამბიციური გზის გაგრძელებას ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.