იტალიაში მკაცრი შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა
იტალიაში მკაცრი შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა

იტალიაში მკაცრი შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. იტალიის 2/3 „ყვითელ ზონად“ გამოცხადდა, რამაც ამ დაბალი რისკის მქონე ადგილებში ბარებსა და რესტორნებს გახსნის შესაძლებლობა მისცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ იტალიის ზოგიერთ რეგიონში რესტორნებსა და ბარებში მაგიდებთან სტუმრებს 18:00 საათამდე ემსახურებიან. 22:00 საათამდე გატანის სერვისის სთავაზობენ, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი 05:00 საათამდე მოქმედებს. ევროპის უმეტეს ნაწილში კი კვლავ მკაცრი კარანტინია დაწესებული.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა შეზღუდვები იტალიის 20-დან 15 რეგიონში შეამსუბუქა. 5 რეგიონს „წითელი ზონის“ სტატუსი შეუნარჩუნდა. ნებისმიერი ფერის რეგიონებს შორის მოგზაურობა თებერვლის შუა რიცხვებამდე ისევ აკრძალულია. ქვეყანაში კოლიზეუმი ორ თვიანი და ვატიკანის მუზეუმები სამ თვიანი დახურვის შემდეგ ხელახლა გაიხსნა.

იტალია პანდემიის პირველი ტალღის დროს ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა. ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა დიდი ბრიტანეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. თუმცა იტალიაში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლების სტატისტიკა შეინიშნება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის სულ 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 88 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.