იტალიაში ხომალდებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებს ეხმარებიან, შესაძლოა მილიონ ევრომდე ჯარიმა დაემუქროთ
იტალიაში ხომალდებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებს ეხმარებიან, შესაძლოა მილიონ ევრომდე ჯარიმა დაემუქროთ

ორგანიზაციებსა და ხომალდებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებს ეხმარებიან, შესაძლოა მილიონ ევრომდე ჯარიმა დაემუქროთ, თუ ისინი იტალიის ტერიტორიულ წყლებში შევლენ.

შესაბამისი კანონპროექტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო. ამოქმედების შემთხვევაში, გამარტივდება იმ სამაშველო ხომალდების კონფისკაცია, რომლებიც იტალიურ პორტებში შესვლის აკრძალვას დაარღვევენ.

კანონპროექტს მხარი ქვედა პალატის 325-მა წევრმა დაუჭირა, 248 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის ინიციატორი იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინია.

ივნისში იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 50 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს იმ გემების კაპიტნებისთვის, რომლებმაც იტალიის საზღვაო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მოგვიანებით, აღნიშნული დოკუმენტი შესაბამისი ცვლილებებით პარლამენტის ქვედა პალატას კანონპროექტის სახით წარუდგინეს. საბოლოოდ დამტკიცებამდე, ინიციატივას იტალიის სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი. კენჭისყრა სენატში სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება.