იტალიაში კარანტინი 3 მაისამდე გახანგრძლივდა
იტალიაში კარანტინი 3 მაისამდე გახანგრძლივდა

​იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ იტალიაში გამოცხადებული კარანტინი 3 მაისამდე გაახანგრძლივა. თუმცა კონტემ აღნიშნა, რომ გარკვეული ტიპის მაღაზიები მუშაობის განახლებას მომავალი კვირიდან შეძლებენ.

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო საყოველთაო კარანტინი 9 მარტს გამოცხადდა, რის ფარგლებშიც მკაცრად შეიზღუდა გადაადგილება, მაღაზიებისა და კომპანიების უმეტესობა კი, დაიხურა.

„ეს არის რთული, თუმცა აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელზეც სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მე საკუთარ თავზე ვიღებ“, – განაცხადა კონტემ პრესკონფერენციაზე.

როგორც ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, 14 აპრილიდან შესაძლოა, გაიხსნას წიგნების, საკანცელარიო ნივთებისა და საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიები. ამასთან, იტალიის პრემიერის თქმით, ქარხნები მუშაობას ჯერ ვერ განაახლებენ. თუმცა კონტემ განაცხადა, რომ ის კორონავირუსის გავრცელების ყოველდღიურ ტენდენციას დააკვირდება და შესაბამისად იმოქმედებს.

გამართულ პრესკონფერენციაზე ჯუზეპე კონტემ ასევე მწვავედ გააკრიტიკა ევროზონის ფინანსთა მინისტრების მიერ მიღწეული შეთანხმება, ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფაზე.

ჯუზეპე კონტეს თქმით, შეთანხმებული ინსტრუმენტები არასაკმარისია და იტალიის ხელისუფლება ბოლომდე იბრძოლებს, რათა მიაღწიოს შეთანხმებას საერთო ვალის შესახებ, რის წინააღმდეგაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები გამოდიან.

„ევროპულ საბჭოში მე ხელს არაფერს მოვაწერ, ვიდრე არ მივიღებ ისეთი ზომის პაკეტს, რომელიც ადეკვატურია ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, – განაცხადა კონტემ და აღნიშნა, რომ ერთობლივი ვალი ან ევრობონდები იტალიისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.