იტალიის მთავრობა ბრძოლას აგრძელებს მეკობრულ ვებგვერდებთან, რომლებიც სერია A-ს არალეგალურ ტრანსლიაციებს აწარმოებენ.
გაზეთ „კორიერე დელო სპორტ“-ის (Corriere dello Sport) ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაიხურა 114 ვებგვერდი, რომლებიც უკანონოდ გადასცემდნენ იტალიის ჩემპიონატის მატჩებს. ოპერაციას ეწოდებოდა „უფასო ფეხბურთი“.
„ჩვენი პროდუქტი, ბრენდი და გულშემატკივართა უფლებები დაცული უნდა იყოს მეკობრეობისგან“, – დარწმუნებულია სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორი ლუიჯი დე სიერვო.
იტალიის ჩემპიონატში ორი ტურია გასული. ჯერჯერობით, უდანაკარგოდ არიან „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „ტორინო“.