იტალიამ უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა
იტალიამ უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა

იტალიამ დახმარების ახალი პაკეტით უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მეექვსე პაკეტი უპირატესად ფოკუსირებულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ საქმე როდესაც ეხება ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა აგრესია, მისთვის მიწოდებული ყველა იარაღი უნდა იყოს თავდაცვითი, გათვლილი დაცვისთვის.

ჯორჯია მელონის განცხადებით, იტალია უკრაინას განაღმვით სამუშაოებში დაეხმარება და გენერატორებს გაუგზავნის.

„როდესაც არის შეტევა, ყველა იარაღი თავდაცვითია. ახლა თვითმფრინავების გაგზავნაზე საუბარი არ არის, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა იქნას მიღებული. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით ამაზე საფრანგეთთან ერთად, რათა ჩვენი ტექნოლოგია სწრაფად გაგვეერთიანებინა. „სამპ ტე“ საზენიტო-სარაკეტო სისტემები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დახმარების ახალ პაკეტში არის სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ – „სქაიგარდი“ და „სფაიქი“. ჩვენთვის დღეს აბსოლუტური პრიორიტეტია უკრაინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვა“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე და უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ისაუბრეს.

„სანამ ეს აგრესია გრძელდება, თავისუფალი სამყაროს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უნდა გაიზარდოს და, ჩვენი აზრით, მუდმივად, რათა რუსეთი არ ადაპტირდეს ზემოქმედებაზე. ჩვენს დოკუმენტს, ჩვენს „მშვიდობის ფორმულას“, რომელიც წარვადგინეთ, უკვე ბევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. ჩვენ ველოდებით, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს ინიციატივებს 23 თებერვალს, როდესაც გაერო-ს სხდომაზე შესაბამისი რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება. მნიშვნელოვანია, იყოს ერთი პოზიცია. დაინტერესებული ვართ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყოს ჩართული, რათა ეს ომი დასრულდეს, შევინარჩუნოთ ჩვენი სამართლიანი „მშვიდობის ფორმულა“. კრემლის წარმომადგენლები უკვე ტერორისტებივით ურთიერთობენ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ტერორისტები ნიღბებს ატარებენ, რუსეთში კი სახესაც არ მალავენ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.