იტალიამ ჰუმანიტარული გემის დაკავებისა და ბორტზე მყოფი მიგრანტების ლამპედუზას პორტში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
იტალიამ ჰუმანიტარული გემის დაკავებისა და ბორტზე მყოფი მიგრანტების ლამპედუზას პორტში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

იტალიამ ჰუმანიტარული გემის დაკავებისა და ბორტზე მყოფი მიგრანტების ლამპედუზას პორტში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ აგრიჯენტოს პროკურატურამ მიიღო. ბორტზე მყოფ მიგრანტებს სანაპიროზე სავარაუდოდ დღეს გადაიყვანენ.

რამდენიმე საათით ადრე კი ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მიგრანტებისთვის სამხედრო გემი გაგზავნა. ესპანეთის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენელი კუნძულ ლამპედუზამდე სამ დღეში მივა და იქ მყოფ მიგრანტებს ესპანეთში, კერძოდ მალიორკაზე წაიყვანს.

მანამდე, ესპანეთის ხელისუფლებამ გემის ეკიპაჟს ერთ-ერთი პორტი შესთავაზა, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სხვა გემი მოითხოვეს, რომლის საშუალებითაც მიგრანტებს დანიშნულების ადგილზე გადაიყვანენ.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ოუფენ არმს“ ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ასზე მეტი მიგრანტი დაახლოებით სამი კვირის წინ გადაარჩინა. არალეგალები გემზე უკვე მეცხრამეტე დღეა იმყოფებიან, რადგან იტალიის ხელისუფლებამ ლამპედუზას პორტში მათ მიღებაზე უარი განაცხადა. მიგრანტთა მცირე ნაწილი ხმელეთზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. არალეგალების ნაწილმა კი, დღეს პორტში მისვლა ცურვით სცადა. ისინი გემიდან გადახტნენ და სანაპიროზე გასვლა სცადეს. მიგრანტები იტალიის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. ამჟამად ბორტზე 90-მდე არალეგალი იმყოფება.