იტალიამ და კანადამ უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
იტალიამ და კანადამ უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

იტალიამ და კანადამ უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.

კიევთან უსაფრთხოების ათწლიანი ხელშეკრულების დადებით, კანადა და იტალია უერთდებიან დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და დანიას. ხელშეკრულება მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებას, ვიდრე ის მიაღწევს თავის მიზანს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმაში, რისიც მე ყოველთვის მჯეროდა, რომ მისი ხალხის სამართლიანი უფლებაა, დაიცვას საკუთარი თავი. ეს ასევე აუცილებლად ნიშნავს სამხედრო მხარდაჭერას”, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პრესკონფერენციაზე.

კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ ოტავას მხარდაჭერა კიევისადმი ურყევი რჩება რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ.

„დღეს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გვერდში დგომით, კანადა ვალდებულია, უკრაინას შემდგომი დახმარება გაუწიოს, მათ შორის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერით“, – განაცხადა ტრუდომ.

ამასთან, ტრუდოს ოფისმა განაცხადა, რომ კანადა 2024 წელს უკრაინას სამ მილიარდ კანადურ დოლარზე მეტ ფინანსურ და თავდაცვით დახმარებას გაუწევს.