იტალია მოზარდებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვას გეგმავს
იტალია მოზარდებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვას გეგმავს.
კანონპროექტის მიხედვით, იტალიაში 13 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ, 13-დან 15 წლამდე მოზარდები კი პლატფორმებით სარგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი ანგარიშები ერთ-ერთი მშობლის ანგარიშთან იქნება დაკავშირებული. დამოუკიდებელი ანგარიშების შექმნა კი 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.
„ეს ცვლილება შესაძლოა, გადამწყვეტი გარდატეხა აღმოჩნდეს იმ მშობლებისთვის, რომლებსაც შვილების ციფრულ დამოკიდებულებასთან გამკლავება უწევთ, ასევე თავად არასრულწლოვნებისთვის“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის პარტიის, „იტალიის ძმების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ფაბიო რამპელიმ.
კანონპროექტის თანახმად, სოციალურ ქსელებს მომხმარებლების ასაკის გადამოწმება დაევალებათ.
კანონპროექტის დამტკიცება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა სოციალური ქსელების გამოყენების ასაკობრივი შეზღუდვების დაწესების გეგმები, ზოგიერთ ქვეყანაში კი არასრულწლოვნებისთვის ანგარიშის შექმნა მშობლის თანხმობას მოითხოვს.