26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისლანდიას ეთამაშება. შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა – მსოფლიო ჩემპიონატზე ან საქართველო გავა, ან ისლანდია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ჯგუფიდან მსოფლიოზე სამი საუკეთესო გადის. პირველი და მეორე ადგილები ესპანეთსა და იტალიას აქვთ გარანტირებული. მესამე ადგილისთვის ჩვენი გუნდი ისლანდიასთან იბრძვის. რადგან საქართველოს რეიკიავიკში მოგებული აქვს 3 ქულით და მეტოქეზე ცხრილში ქულით წინაა, 1, 2 და 3 ქულით დამარცხების შემთხვევაში ილიას ზუროსის გუნდი ისლანდიაზე წინ დაჯდება. ეს არის ვარიანტი, რომლის იმედად საქართველოს ნაკრების არცერთი წევრი არაა და დღეს ილიას ზუროსის გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს.
სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ:
საქართველო
ნოემბრისა და თებერვლის ფანჯრებზე NBA-დან არავის უშვებენ. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებიან ორლანდოელი გოგა ბითაძე და მილუოკელი სანდრო მამუკელაშვილი. ნიდერლანდებთან მატჩის მეორე დღეს იტალიურ „ვირტუსთან“ ერთად ევროლიგაზე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რის შემდეგაც თბილისში გამოფრინდა და „ჯვაროსნებს“ შეუერთდა.
„დარჩენილია ერთი თამაში. ყველაფერი გონებიდან მოდის: თუ მენტალურად ძლიერი ხარ, ფიზიკურადაც ძლიერი იქნები.
მჯერა, ამ მომენტში ყველას ესმის, რომ ეს არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისა და კალათბურთისთვის.
ასეთი შანსი ხშირად არ გეძლევა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისტორია. ყველამ 100 პროცენტი უნდა გაიღოს, რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვან და რთულ მიზანს“, – შემართულია საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.
საქართველოს ნაკრები:
რატი ანდრონიკაშვილი (მურსია, ესპანეთი)
გივი ბაქრაძე (ოლიმპი)
ბექა ბექაური (თსუ)
მიხეილ ბერიშვილი (თსუ)
მერაბ ბოქოლიშვილი (კაკტუსი)
ბექა ბურჯანაძე (რეჯო ემილია, იტალია)
კახაბერ ჯინჭარაძე (ქუთაისი)
გიორგი კორსანტია (გოსტივარი, ჩრდილოეთ მაკედონია)
ილია ლონდარიძე (კავკასია)
თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი)
დუდა სანაძე (ანორთოსისი, კვიპროსი)
თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია)
გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი)
გიორგი ცინცაძე (თსუ)
ურთიერთშეხვედრები
ისლანდიის ნაკრებს საქართველო სულ სამჯერ ეთამაშა. პირველი მატჩი 2006 წელს თბილისში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 80:65. განმეორებითი კი ერთ-ერთი ყველაზე მწარედ გასახსენებელია: ბოლო წუთზე საქართველო 3 ქულით იგებდა. უკანასკნელ წამებზე მეტოქემ ერთი საჯარიმო ჩააგდო, მეორე ააცილა, ბურთი შეტევაში მოხსნა, პერიმეტრზე გაიტანა და შორეული სამქულიანით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 76:75. ამ წაგების გამო საქართველო პლეი-ოფში ვეღარ გავიდა და B დივიზიონში კიდევ ორი წელი მოუწია თამაში.
ისლანდიასთან მესამე მატჩი გასული წლის ნოემბერში იყო. „ჯვაროსნებმა“ 88:85 გაიმარჯვეს. ეს იყო ურთულესი შეხვედრა, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა. იმავეს იმედი გვაქვს დღეს, თბილისში.
„საქართველოს ნაკრებთან კარგად თამაში შეგვიძლია, თუმცა იოლი მატჩი არ გველის. მათთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია, რადგან კარგად შეუძლიათ მეტოქის იერიშების შენელება. გადავსებულ დარბაზებში დიდი ნაკრებების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება გვაქვს და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ“, – აცხადებს ისლანდიელთა მთავარი მწვრთნელი კრეიგ პედერსენი.
საქართველო და მსოფლიო
თვალი გადავავლოთ გზას, რომელიც საქართველომ აქამდე გამოიარა. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი რეალური 2017 წლიდან გახდა, როცა ფიბა-მ მუნდიალისთვის ცალკე შესარჩევი ტურნირის ჩატარება დაიწყო. მანამდე ევრობასკეტი ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მსოფლიოზე სწორედ ევროპის ჩემპიონატზე მოწინავე ადგილების დამკავებელი გუნდები გადიოდნენ – ხან 6, ხანაც 7 საუკეთესო.
2017 წლიდან ფიბა-მ ევრობასკეტის ჩატარება 4 წელიწადში ერთხელ დააწესა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 32-მდე გაზარდა და მასზე გასასვლელად ცალკე 2-წლიანი საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარება დაიწყო. ევროპას მსოფლიოზე 12-გუნდიანი კვოტა დაუწესდა. პირველ ჯერზე საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია, მაგრამ მეორეში აღარ გაუმართლა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი კი, რომელიც 2021 წელს დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა რიგიანად ჩაატარა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მსოფლიოზე გასასვლელად ისლანდიის დამარცხება აკლია.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპიდან 12 გუნდი გადის. 9 ნაკრები ცნობილია – ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, სლოვენია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ფინეთი და ლატვია. ბოლო ტურში დაჩენილი 3 საგზურის მფლობელიც უნდა გამოვლინდეს. ერთ-ერთი მათგანისთვის საქართველო და ისლანდია იბრძვიან.
საქართველო პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან იყო. ზუროსის გუნდმა მაკედონიელები 2-ჯერ დაამარცხა, ხოლო ესპანეთთან და უკრაინასთან მოგება-წაგებები გაიყო და ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავებით მომდევნო ეტაპზე გავიდა. ზუროსის გუნდს მეორე ჯგუფში პირველიდან მხოლოდ უკრაინასთან და ესპანეთთან დაგროვილი ქულები გადაჰყვა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2 მოგება კი იმ მოტივით ჩამოეჭრა, რომ ჩვენი პარალელური ჯგუფიდან მოკვეთეს რუსეთი.
რუსეთთან ჩვენს კონკურენტ ისლანდიას მოგება არ ჰქონია და არაფერი დაუკარგავს მასთან ნაჩვენები შედეგის ანულირებით, ხოლო საქართველომ ჩრდილომაკედონიელებთან 2 მარცხი დაკარგა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 3 გამარჯვებით (ჰოლანდიასთან 2 და ისლანდიაში 1) თავი ისლანდიაზე კომფორტულ სიტუაციაში ჩაიყენა.
დანარჩენს დღეს, „თბილისი არენაზე“ 20:00 საათიდან ვნახავთ.