ისტორიული მატჩი | როგორ შემოატრიალა საფრანგეთმა ახალ ზელანდიასთან თითქმის წაგებული შეხვედრა [ვიდეო] #1TVSPORT
1999 წელს ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდია უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა და ეს ლოგიკურია – ჯონა ლომუ, ენდრიუ მერთენსი, ჯეფ ვილსონი, ტანა უმანგა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ სუპერვარსკვლავებისა, რომლებიც „შავების“ რიგებში თამაშობდნენ.
ახალზელანდიელებს მსოფლიოს თასი 1987 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული და სწორედ 1999 წლის ღონისძიება ითვლებოდა მათი დაბრუნების ტურნირად. შესაბამისად, „მამლებს“ დიდად არ გახარებიათ, როდესაც ნახევარფინალურ ეტაპზე სწორედ ახალი ზელანდიის იქამდე უძლეველ გუნდს დაუპირისპირდნენ, რომელმაც მანამდე, მეოთხედფინალში შოტლანდიის ნაკრები დიდი სხვაობით დაამარცხა.
საფრანგეთთან მატჩის გმირი 11 ნომერი, ჯონა ლომუს ვიზავი, კრისტოფ დომინისი გახდა. პირველი გამორჩეული ეპიზოდი მე-20 წუთზე სწორედ კრისტოფ დომინისიმ შექმნა, როდესაც მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა და პრაქტიკულად ლელომდე ირბინა. მის იერიშს კრისტოფ ლამეზონის ლელო მოჰყვა და „მამლები“ წინ გავიდნენ (მანამდე ახალზელანდიელები მერთენსის საჯარიმოების წყალობით 6:3 იგებდნენ).
ფრანგებმა მეორე ტაიმი ცუდად დაიწყეს – 45-ე წუთზე „ოლ ბლექსის“ და მსოფლიო რაგბის ლეგენდამ, ჯონა ლომუმ მორიგი ლელო მიითვალა და გუნდს 14 ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ყველა, გარდა ფრანგების თხუთმეტეულისა, ფიქრობდა, რომ მატჩის ბედი ამ ეპიზოდში გადაწყდა და შემდეგ რაც მოხდა, ამას არავინ ელოდა. ლამეზონმა „მამლები“ თამაშში ორი არეკნით და ორი საჯარიმოთი დააბრუნა და ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა. თამაშის დასრულებამდე ოც წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როდესაც კრისტოფ დომინისიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და საკუთარი ქვეყანა დააწინაურა. ლამეზონმა ეს ლელო გარდასახა და ასევე მოიქცა რიჩარდ დუღტეს და ფილიპ ბერნატ-სალეს ლელოების დროსაც. შედეგად, 14 ქულიანი ჩამორჩენა 17 ქულიან უპირატესობად იქცა – ამ დროისთვის ანგარიში 41:24 იყო ფრანგების სასარგებლოდ.
მატჩის დასრულებამდე ჯეფ ვილსონმა უხვქულიანი თამაშის ბოლო ლელო მიითვალა და საბოლოო ანგარიში – 41:31 დააფიქსირა.
ფრანგები ტურნირის ფინალში გავიდნენ, სადაც ავსტრალიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ გაგრძელდა ტრადიცია, რომ ვინც ახალ ზელანდიას ამარცხებს, ის მსოფლიო ჩემპიონი ვერ ხდება და ევროპელები ამჯერადაც ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.