საქართველო – ბელარუსი 1:0
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (07. პენალტი)
08.10.2020. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა“
საქართველო: ლორია – კაკაბაძე (82. ტაბიძე), კაშია, კვირკველია, დვალი – კანკავა, კვეკვესკირი – კვარაცხელია (90. ლობჟანიძე), კიტეიშვილი (65. გვილია), ყაზაიშვილი (82. შენგელია) – ოქრიაშვილი (90. ქვილითაია)
სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, კაჭარავა, გრიგალავა, აბურჯანია, ჯიღაური
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ბელარუსი: ხაცკევიჩი – ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩოვი (73. პეჩენინი) – ბახარი (63. პოდსტრელოვი), იაბლონსკი (63. სკავიში), ებონგი, ნეხაიჩიკი – ლისაკოვიჩი (70. ლაპტევი), ხაჩატურიანი (46.მაევსკი)
სათადარიგოები: გუტორი, იგნატოვიჩი, პოლიაკოვი, გრომიკო, იუზეპჩუკი, საჩიჩკო, სტასევიჩი
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მარხელი
მთავარი არბიტრი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)
გაფრთხილებები: ნაუმოვი (33), კვეკვესკირი (38), კანკავა (52), ყაზაიშვილი (69), ქვილითაია (90+3)
ამ შეხვედრას საქართველო 30 წელი ელოდა – დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღიდან, რათა საქართველოს დროშა ამაყად აღმართულიყო და ჩვენს ჰიმნს ომახიანად დაეგუგუნა.
დიდი იყო მოლოდინიც და დაძაბულობაც. ჩვენს ნაკრებს 90 წუთით შეეძლო ქვეყნისთვის დიდი სიხარულიც მიენიჭებინა და დიდი ტკივილიც – „ევრო 2020“-ის პლეიოფის მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ყველაზე კარგი და უჩვეულო შანსი გახლდათ, საიდანაც მთავარ ევროპულ ტურნირს მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებდა.
ყველაფერი უჩვეულო იყო და პირველიც – სწორედ ბელარუსთან გამოიყენა უეფა-მ VAR-ის მსაჯების სამსახური საქართველოში პირველად – ამ როლში აბდულქადირ ბიტიგენმა და ჰუსეინ გოჩეკმა იმუშავეს.
საქართველოში არსებული ეპიდემოლოგიური ვითარების გამო, მაყურებელთა თავშეყრა მიზანშეუწონლად ჩაითვალა და ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უმაყურებლოდ გაიმართა, რაც ჩვენი ნაკრების საშინაო „კედლების“ ძალას ამცირებდა, მაგრამ გულშემატკივრები სტადიონის გარშემო შეიკრიბნენ და გუნდი მარტო არ დატოვეს. გუნდის ავტობუსს სტადიონის შესასვლელში ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფეიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს, მატჩის დროს კი სტადიონის გარე ტერიტორიიდან მათი მხარდასაჭერი შეძახილები ისმოდა.
წინასწარ ვიცოდით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე და დათა ხოჭოლავა დაგვაკლდებოდა. მოულოდნელი აღმოჩნდა ვლადიმირ ვაისის არჩევანი – განსაკუთრებით, ძირითადში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილის გამწესება.
ამ ნერვიულობასა და მოლოდინში თამაში დაიწყო. ამინდი ისეთი იყო, საფეხბურთო რომ ეთქმის. პირველი სახიფათო შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, კარის წინ ბურთი თორნიკე ოქრიაშვილს გადასცა, მაგრამ მან მახვილი კუთხიდან მეკარეს ვერ აჯობა. უკვე მე-7 წუთზე კვარაცხელიას გადაცემით მეკარესთან პირისპირ რჩებოდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ევგენი იაბლონსკიმ წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად ოქრიაშვილმა უნაკლოდ შეასრულა – 1:0.
საქართველოს ნაკრები უპირატესობის მოპოვებას და ბურთის კონტროლს ცდილობდა, სტუმრები კი მიზნის მიღწევას სწრაფი კონტრშეტევებით აპირებდნენ. მე-15 წუთზე სტუმართა ცუდი გადაცემის შემდეგ ბურთი ოქრიაშვილმა მოიპოვა – გატანის შანსი იყო, თორნიკემ ბურთი კართან ახლოს კვარაცხელიას გადასცა, მაგრამ მცველი გადაეფარა და მომენტი დაიკარგა.
გატანილი გოლის შემდეგ ბელარუსებმა აქტიური თამაში დაიწყეს და პირველი მომენტი მე-19 წუთზე ჩვენების შეცდომის შემდეგ შექმნეს, დაკარგული ბურთი საჯარიმოსთან ივან ბახარმა მიიღო და ძლიერად დარტყა, თუმცა, მიზანს საკმაო მანძილით ააცილა.
დაახლოებით 10-წუთიანი „ჩაძინების“ შემდეგ, ჩვენებმა ისევ აქტიური შეტევა სცადეს, 33-ე წუთზე კვარაცხელიამ შეტევა საჯარიმოში ვაკო ყაზაიშვილს გაუგრძელა, რომელმაც კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. ტაიმი კი ჩვენებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში ბელარუსების მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მარხელმა ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და თავდამსხმელ ანდრეი ხაჩატურიანის ნაცვლად, საყრდენი ივან მაევსკი შეიყვანა.
ჩვენებმა აქტიურად დაიწყეს და 48-ე წუთზე ისევ ოქრიაშვილს შეეძლო გატანა, რომელიც ოთარ კაკაბაძემ საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მოძებნა, მაგრამ მეკარე ეგორ ხაცკევიჩმა ბურთი დაამიწა და გუნდი გადაარჩინა.
თამაში უფრო და უფრო სანერვიულო ხდებოდა. 63-ე წუთზე სტუმართა მწვრთნელმა შეტევების გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა. ერთ წუთში ერთ-ერთ ახლად შესულ დმიტრი პოდსტრელოვს მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ახლოდან ვერ გაიტანა და ჩვენი ნაკრები გადარჩა.
ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების კონტრშეტევას ოქრიაშვილი აგვირგვინებდა და მიზანს ოდნავ ააცილა. თამაში შედარებით გაიხსნა, ერთ წუთში კი ახლად შესულ ვაკო გვილიას დარტყმა მეკარემ მოიგერია და სტუმრები გადაარჩინა. მე-80 წუთზე ჯარიმა კვარაცხელიამ შეასრულა და მეკარემ ისევ საიმედოდ ითამაშა. 85-ე წუთზე ჩვენი მცველების ზურგსუკან დენის ლაპტევი გაიხსნა და კიდევ კარგი, არაზუსტად დაარტყა – გადავრჩით!
ვლადიმერ ვაისმა ბოლო ცვლილებები განახორციელა, რომ დასვენებულ მოთამაშეებს უკანასკნელ წუთებში ბელარუსების შეტევებისთვის გაეძლოთ და კონტრშეტევები წამოეწყოთ.
ბოლო წამები – შეტევაში ბელარუსის ცენტრალური მცველებიც ჩაერთნენ. ორი საკმაოდ უსიამოვნო შეტევა წამოიწყეს – უშედეგოდ.
და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა – ეს ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, რომელიც 12 ნოემბერს საშინაო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებების წყვილის გამარჯვებულს შეხვდება (მატჩი ჯერ არ დასრულებულა). ქუჩაში კი ქართველი გულშემატკივრის უზომო სიხარულის ხმამ დაიგუგუნა – ასე მონატრებული გახარებული ქართველების ხმა.