ისტორიული ბრძოლა - მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი დაამარცხა და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, 12 მარტს, ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა.
მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა. ქართველისა და რუსის დაპირისპირება ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ხუთივე რაუნდში დვალიშვილის დომინაცია აშკარა იყო. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.
„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება თავისუფლებას, შეწვიტეთ ომი!“, – თქვა სავსე დარბაზისა და მილიონობით ტელემაყურებლის წინაშე მერაბ დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წამის შემდეგ.
ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, რადგან მერაბი იანთან გამარჯვების შემდეგ, ფაქტობრივად, სატიტულო ბრძოლისთვის იქნება მზად და ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.
არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ქართველ მებრძოლსა და მის მეგობარს, სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალჯამაინ სტერლინგს რუს სპორტსმენთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, თავად მერაბი კი პრესკონფერენციებზე ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქვეყანას, რომლის სახელითაც პიოტრ იანი ასპარეზობს.
ამ ბრძოლამდე დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა, იანი კი მეორე პოზიციაზე იყო.