ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფინალი - ცინცინატის მასტერსი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურის ეგიდით გამართული ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალი მოიგო. ცინცინატის მასტერსის გადამწყვეტ შეხვედრაში სერბმა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ესპანელი კარლოს ალკარასი 5:7, 7:6 (9:7), 7:6 (7:4) დაამარცხა.

პირველ სეტში ჯოკოვიჩმა პირველი ბრეიქი შეასრულა და უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ალკარასი თამაშში მალევე დაბრუნდა, საკუთარი რიტმი იპოვა და სეტი მოიგო – 7:5.

მატჩის მეორე სეტშიც ალკარასი დაწინაურდა და, ერთი შეხედვით, გამარჯვება ხელიდან აღარ უნდა გაეშვა, თუმცა 4:3-ზე, როდესაც ესპანელი აწვდიდა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩაწოდება დაიბრუნა, სეტი ტაიბრეიქამდე მიიყვანა, ტაიბრეიქზე ერთი მატჩ პოინტიც გადაარჩინა და საბოლოოდ მეცამეტე, მოკლე გეიმი 9:7 მოიგო.

დრამა არ აკლდა გადამწყვეტ მესამე სეტსაც. 3:3-ზე ჯოკოვიჩმა ბრეიქი შეასრულა და დაწინაურდა. მოგვიანებით კარლოს ალკარასმა ოთხჯერ გადაარჩინა მატჩ პოინტი და ეს სეტიც ტაიბრეიქამდე მივიდა, სადაც ჯოკოვიჩმა თავიდანვე მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და 7:4 გაიმარჯვა.

36 წლის სერბმა კარიერაში 39-ე მასტერსის (დიდი სლემის შემდეგ ყველაზე პრესტიჟული) ტურნირი მოიგო. ალკარასისა და მისი ფინალური მატჩი კი ATP-ის ტურის ეგიდით ყველაზე ხანგრძლივი სამსეტიანი თამაში აღმოჩნდა ისტორიაში, შეხვედრა სამი საათისა და 49 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცინცინატის მასტერსის შემდეგ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგის სათავეში ცვლილება არ იქნება. ალკარასი წლის რიგით მეოთხე დიდი სლემის ტურნირს, ამერიკის ღია პირველობას კვლავ პირველი ნომრის სტატუსით შეხვდება, თუმცა ჯოკოვიჩი მასზე მხოლოდ 20 ქულით უკან იქნება.

ჩოგბურთელთა შორის ეს მეოთხე შეხვედრა იყო და ურთიერთდაპირისპირებებში ანგარიში გათანაბრდა – 2:2.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ასევე გახდა უხუცესი ჩოგბურთელი, რომელმაც ცინცინატის ტურნირი მოიგო. მას კარიერაში უკვე 95 მოგებული ფინალი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ისტორიაში მესამე ადგილზეა, ჩამორჩება მხოლოდ როჯერ ფედერერსა (103 მოგებული ფინალი) და ჯიმი კონორსს (109 მოგებული ფინალი).

ერთ კვირაში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები ნიუ იორკში გადაინაცვლებენ, ამერიკის ღია პირველობა 28 აგვისტოს დაიწყება.