ისტორია | საქართველოს ნაკრების მწვრთნელები - პირველი ნაბიჯები ბესიკ ლიპარტელიანთან ერთად [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა დაარსებიდან დღემდე ხუთი მთავარი „ეპოქა“ გამოიარა: 1994-97, 1997-2003, 2003-2007, 2008-2015, 2016-2023. 2024 წლიდან საკალათბურთო ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება – „ჯვაროსნებს“ ახალი მწვრთნელი ეყოლებათ და პირველად ითამაშებენ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს. ვიდრე მის ვინაობას ოფიციალურად გავიგებდეთ და კონტრაქტიც გაფორმდება, გავიხსენოთ კალათბურთელთა ნაკრების ყველა მწვრთნელი – ბესიკ ლიპარტელიანიდან ილიას ზუროსამდე.

კალათბურთელთა ნაკრები 1994 წლის 20 მარტს დაიბადა. პირველი მთავარი მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი იყო, რომელსაც ნოდარ ქორქია ეხმარებოდა. ლიპარტელიანი ლევან მოსეშვილმა შეცვალა, 2000 წელს გუნდის თავკაცად ზურაბ ტომარაძე დაინიშნა.

2003 წლიდან საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ერა დაიწყო – გუნდში გამოჩნდნენ ამერიკელი ლეგიონერები და უცხოელი მწვრთნელები. ეს ეტაპი დღემდე გრძელდება, თუმცა უცხოელი სპეციალისტების მოღვაწეობა, თავის მხრივ, სამ ნაწილად უნდა გავყოთ:

2003-2007 – მწვრთნელთა ცვლილებების პერიოდი.

2008-2015 – იგორ კოკოშკოვი და სამი ევრობასკეტი.

2016-2023 – ილიას ზუროსის განახლებული ნაკრები.

კალათბურთელთა ნაკრების თითოეულ „ეპოქას“  ცალ-ცალკე წარმოგიდგენთ. დავიწყებით ნაკრების დაბადებით.

1995-1997 – ვინც მოიგებს…

საბჭოეთიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული საკალათბურთო სამყარო 1994 წლის 20 მარტს ვერის ბაღში შეიკრიბა და საქართველოს ნაკრებიც ჩამოყალიბდა.

გუნდის უფროსად ჯამლეტ ხუხაშვილი დაინიშნა, ხოლო მთავარ მწვრთნელად…

„ნაკრებს ის გაწვრთნიდა, ვინც ჩემპიონატს მოიგებდა, ასისტენტად ფინალში დამარცხებული კლუბის თავკაცი იმუშავებდა. ასე გადაწყვიტეს სპორტის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, კახი ასათიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა, ალეკო ჩხეიძემ“, – იხსენებდა ჯამლეტ ხუხაშვილი.

საქართველოს III ჩემპიონატის ფინალი ორ მოგებამდე იყო. სერიის პირველი მატჩი „ვითამ“ „თბილისთან“ 77:74 მოიგო. განმეორებითში 76:80 დათმო, თუმცა მესამეში ასევე ოთხი ქულით იმარჯვა (78:74) და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა. „ვითას“ ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა, ხოლო „თბილისს“ – ნოდარ ქორქია.

„მე და ბესო ერთად ჩავუდექით ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა რთულ პირობებში გვიხდებოდა, დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ და ჩვენი მწვრთნელობის ბოლომდე არ ყოფილა საუბარი ერთის წასვლასა და მეორის დარჩენაზე. ერთად დავიწყეთ და 1997 წელს ნაკრებიც ერთად დავტოვეთ“, – იხსენებს ნოდარ ქორქია.

1995-დან 1997 წლამდე ბესიკ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 21 მატჩი ითამაშა, 8 მოიგო, 13 წააგო, ორჯერ გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი და ორჯერ ითამაშა შესარჩევი, თუმცა ბესიკ ლიპარტელიანისა და ნოდარ ქორქიას დუეტმა მეორე შესარჩევში მხოლოდ სამ მატჩში უხელმძღვანელა გუნდს…

„უხერხულ სიტუაციაში ვიყავით, საწყისი სამი თამაში წავაგეთ. თუმცა ვინც სანაკრებო სამზარეულოში კარგად იყო ჩახედული, იცოდა, რომ ისეთ პირობებში, როგორშიც მუშაობა გვიწევდა, მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. არც პერსპექტივა ჩანდა ნათელ ფერებში. ისეთი ფონი შეიქმნა, თითქოს ჩემზე უკეთესად საქმეს სხვა შეასრულებდა, ამიტომ თურქეთთან წაგების შემდეგ ნაკრების თავკაცის პოსტი დავტოვე“, – ამბობს ბესიკ ლიპარტელიანი.

რა პირობებში უხდებოდათ ნაკრების ხელმძღვანელებს მუშაობა, ჯამლეტ ხუხაშვილის სიტყვებიდანაც ნათლად ჩანს:

„სპორტკომიტეტიდან მცირე დაფინანსება გვქონდა. ამიტომ ვაწუხებდით ბიზნესმენებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რათა ეკიპირება შეგვეძინა და გუნდის უცხოეთში გამგზავრება უზრუნველგვეყო. საკუთარ თავს „უთოფო ყაჩაღებსაც“ ვუწოდებდით“.

 

ბესიკ ლიპარტელიანი

წვრთნიდა: 1995-97

21 მატჩი (ოფიციალური), 8 მოგება, 13 წაგება