რამაზ სვანაძის გაწვრთნილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქარველოს ასაკობრივ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე აქამდე ექვსჯერ უთამაშიათ, მაგრამ 21-წლამდელები ფინალურ ეტაპზე წელს პირველად იასპარეზებენ.
გავიხსენოთ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობის ისტორია.
პირველი – რევაზ გაგუას 16-წლამდელთა ნაკრები
პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1997 წელს რევაზ გაგუას 16-წლამდელთა ნაკრებმა ითამაშა. 1996 წლის ოქტომბერში გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე მასპინძელ საბერძნეთს დაუზავდა (4:4) და ბულგარეთთან (4:0) გაიმარჯვა, ჯგუფი მოიგო და ფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ რვა გოლიდან ოთხი ლაშა ჯაკობიამ გაიტანა, ხოლო სამი – შალვა აფხაზავამ, რომელიც წლების შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა.
გერმანიაში გამართულ ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა წააგო, ლაშა ჯაკობია კი სამი გოლით ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა.
საქართველო 3:6 უნგრეთი
გოლები: ო. გველესიანი, ლ. ჯაკობია (2).
საქართველო 3:5 იტალია
გოლები: ლ. ჯაკობია, გ. დეკანოსიძე, ო. გველესიანი.
საქართველო 1:5 ბელგია
გოლი: გ. დეკანოსიძე.
„კოპალას ბიჭები“ და დამარცხებული როსიცკი
1999 წელს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ვახტანგ კოპალეიშვილის გაწვრთნილმა 18-წლამდელთა ნაკრებმა მოიპოვა. გუნდმა შესარჩევ ჯგუფში ბულგარეთი დაამარცხა 2:1, უნგრეთთან კი ფრედ 0:0 ითამაშა.
პლეი ოფში საქართველოს ნაკრებს მილან ბაროშისა და ტომაშ როსიცკის ჩეხეთი შეხვდა. სტუმრად შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ბათუმში კი 2:1 მოვიგეთ და 1999 წლის ევროპის პირველობაზე მოვხვდით, რომელიც შვედეთში გაიმართა. ვალერი გაგუა ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა (3 გოლი).
საქართველო 0:2 იტალია
საქართველო 3:3 ირლანდია
გოლები: ზ. მენთეშაშვილი, ვ. გაგუა (2).
საქართველო 1:4 ესპანეთი
გოლი: ვ. გაგუა (პენალტით)
შეცვლილი ფორმატი და პირველად პლეი ოფში
უეფა-მ 2001 წლიდან ასაკობრივი ნაკრებების ტურნირებზე ფორმატი შეცვალა და ევროპის ჩემპიონატები 17 და 19-წლამდელებში ჩატარდა. კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელებმა დანიაში გასამართი ფინალური ეტაპის საგზური თბილისში, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (2:0) და ისრაელთან (1:0) მოგების შემდეგ მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველად მოახერხა ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, შვეიცარიასთან დამარცხდა. სანდრო იაშვილი კი ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა (4 გოლი).
საქართველო 1:1 გერმანია
გოლი: ს. იაშვილი
საქართველო 1:1 პოლონეთი
გოლი: ს. იაშვილი
საქართველო 2:1 უნგრეთი
გოლი: ს. იაშვილი (2).
საქართველო 0:3 შვეიცარია
მაისურაძის გუნდის ბრინჯაო სლოვენიიდან
მესამედ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ათწლიანი პაუზის შემდეგ გავიდა: 2012 წელს ვასილ მაისურაძის გუნდმა თბილისში ურთულესი ელიტრაუნდიდან მოახერხა ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება.
ელიტრაუნდში პირველი თამაში ესპანეთთან 1:1 დასრულდა. მეორე შეხვედრაში საქართველომ ბოლო წამებზე ინგლისს 1:0 მოუგო, ხოლო ჯგუფის მესამე და ძალიან მნიშვნელოვან მატჩში ასევე მინიმალური ანგარიშით (1:0) უკრაინა დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი გერმანიის ნაკრებთან 0:1 წააგო. საფრანგეთთან ფრედ (1:1) ითამაშა, ხოლო ბოლო ტურში ისლანდიას 1:0 მოუგო და ისტორიაში პირველად საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, ნიდერლანდების ნაკრებთან 0:2 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოთარ კაკაბაძე კი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
საქართველო – გერმანია 0:1
საქართველო – საფრანგეთი 1:1
გოლი: ჭეჭელაშვილი (30. პენ)
საქართველო – ისლანდია 1:0
გოლი: დარცმელია (74)
1/2-ფინალი
საქართველო – ნიდერლანდები 0:2
19-წლამდელთა ორი ევროპა
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ორჯერ ითამაშა. პირველად ეს გია ცეცაძის გუნდმა მოახერხა, რომელმაც შესარჩევ ჯგუფში ინგლისთან შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა (ფანცულაია), შემდეგ კი დაამარცხა შოტლანდია 3:1 (კაჭარავა, ზივზივაძე, ენდელაძე) და ბელგია 2:0 (ფანცულაია, სამუშია).
ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ერთი მატჩი ფრედ ითამაშა, ორი კი წააგო, ავთანდილ ენდელაძე კი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
საქართველო – საფრანგეთი 0:0
საქართველო – სერბეთი 0:1
საქართველო – თურქეთი 2:4
გოლები: ავთანდილ ენდელაძე, ნიკა კაჭარავა.
ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები
2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა და საქართველოს ნაკრებმა თამაშის უფლება ავტომატურად მოიპოვა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილ გუნდს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.
საქართველო – პორტუგალია 0:1
საქართველო – შვედეთი 2:1
გოლები: გიორგი კოხრეიძე, გიორგი ჩაკვეტაძე.
საქართველო – ჩეხეთი 0:2