ისტორია | კალაძის შემდეგ ხოჭოლავა მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც „რეალი“ დაამარცხა (ვიდეო)
19:21, 22.10.2020
დათა ხოჭოლავა მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მადრიდის „რეალთან“ გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების მცველმა დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დიდებულად დაიწყო – უკრაინის ჩემპიონმა „ბ“ ჯგუფის პირველი შეხვედრა მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბუეზე“ „რეალის“ წინააღმდეგ გამართა და 3:2 მოიგო.
სასიხარულოა, რომ დათა ხოჭოლავა ამ შეხვედრაში დონეცკელთა გამარჯვების მონაწილე იყო – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე „რეალთან“ მოგებულ შეხვედრაში ქართველები მხოლოდ სამჯერ მონაწილეობდნენ – ხოჭოლავა მესამე მატჩის მონაწილეა, პირველი ორი კი კახა კალაძემ ჩაატარა.
1999 წელს 17 მარტს ლიგის მეოთხდფინალში კახამ კალაძემ სრულად ითამაშა „დინამოს“ ფორმით კიევში გამართული მატჩი, რომელიც უკრაინელებმა 2:0 მოიგეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა მადრიდში 1:1 დასრულდა და 1/2 ფინალში „დინამო“ გავიდა, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ დაძაბულ ბრძოლაში (0:1, 3:3) დათმო.
„რეალის“ წინააღმდეგ მეორე შეხვედრა კახამ იტალიური გრანდის, „მილანის“ ფორმით „სან სიროზე“ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა. ანუ დათა ხოჭოლავა პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუდან“ 3 ქულა წამოიღო.
2001 წელს „რეალს“ მოსკოვში ზაზა ჯანაშიას „ლოკომოტივმა“ პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2:0 მოუგო, მაგრამ ქართველი თავდამსხმელი მაშინ სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.
გიორგი დემეტრაძე კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მადრიდელებს გაუტანა. 1999/00 წლების სეზონში მადრიდის „რეალს“ ჯგუფურ ეტაპზე კიევის „დინამო“ შეხვდა, რომლის ღირსებასაც გიორგი დემეტრაძე იცავდა. ქართველმა თავდამსხმელმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტოქის კარის დალაშქვრაც მოახერხა – გიორგი დემეტრაძემ იკერ კასილიასის კარი აიღო. უკრაინელებმა ქულის წამოღება მოახერხეს 2:2. აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ 1999/00 წლების სეზონში სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო.