ისტორია | კალაძის შემდეგ ხოჭოლავა მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც „რეალი“ დაამარცხა (ვიდეო)

დათა ხოჭოლავა მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მადრიდის „რეალთან“ გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების მცველმა დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დიდებულად დაიწყო – უკრაინის ჩემპიონმა „ბ“ ჯგუფის პირველი შეხვედრა მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბუეზე“ „რეალის“ წინააღმდეგ გამართა და 3:2 მოიგო.

ხოჭოლავა vs ვინისიუსი

სასიხარულოა, რომ დათა ხოჭოლავა ამ შეხვედრაში დონეცკელთა გამარჯვების მონაწილე იყო – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე „რეალთან“ მოგებულ შეხვედრაში ქართველები მხოლოდ სამჯერ მონაწილეობდნენ – ხოჭოლავა მესამე მატჩის მონაწილეა, პირველი ორი კი კახა კალაძემ ჩაატარა.

კალაძე პანუჩის წინააღმდეგ

1999 წელს 17 მარტს ლიგის მეოთხდფინალში კახამ კალაძემ სრულად ითამაშა „დინამოს“ ფორმით კიევში გამართული მატჩი, რომელიც უკრაინელებმა 2:0 მოიგეს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა მადრიდში 1:1 დასრულდა და 1/2 ფინალში „დინამო“ გავიდა, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ დაძაბულ ბრძოლაში (0:1, 3:3) დათმო.

„რეალის“ წინააღმდეგ მეორე შეხვედრა კახამ იტალიური გრანდის, „მილანის“ ფორმით „სან სიროზე“ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა. ანუ დათა ხოჭოლავა პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუდან“ 3 ქულა წამოიღო.

2001 წელს „რეალს“ მოსკოვში ზაზა ჯანაშიას „ლოკომოტივმა“ პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2:0 მოუგო, მაგრამ ქართველი თავდამსხმელი მაშინ სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.

გიორგი დემეტრაძე კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მადრიდელებს გაუტანა. 1999/00 წლების სეზონში მადრიდის „რეალს“ ჯგუფურ ეტაპზე კიევის „დინამო“ შეხვდა, რომლის ღირსებასაც გიორგი დემეტრაძე იცავდა. ქართველმა თავდამსხმელმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტოქის კარის დალაშქვრაც მოახერხა – გიორგი დემეტრაძემ იკერ კასილიასის კარი აიღო. უკრაინელებმა ქულის წამოღება მოახერხეს 2:2. აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ 1999/00 წლების სეზონში სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო.

კალაძე vs ფიგუ 

ფოტოები: gettyimages.com