ისრაელში ვიზიტით მყოფი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს, გენერალ მაიკლ კურილას შეხვდა. კურილა ისრაელში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სტრატეგიული საკითხები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
მოგვიანებით აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსაც შეხვდა.
„მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო კოალიციის გაფართოების გზები, რათა დაუპირისპირდნენ ირანისა და მისი მარიონეტების აგრესიულ ქმედებებს ისრაელის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაელ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება. ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანი და მისი მარიონეტული ძალები ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავენ.