ისრაელში სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური პარტია „იაშარი“ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდს“ მნიშვნელოვნად უსწრებს
ისრაელში სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური პარტია „იაშარი“ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდს“ მნიშვნელოვნად უსწრებს.
ისრაელის მედიის თანახმად, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გადი ეიზენკოტის პარტიამ, „იაშარმა“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდთან“ შედარებით. თუმცა, ახალი გამოკითხვის თანახმად, მოსალოდნელი არ არის, რომ რომელიმე მხარე ქნესეთში (საკანონმდებლო ორგანო) უმრავლესობას მოიპოვებს.
დღევანდელ გამოკითხვაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ „იაშარი“ 26 მანდატს იღებს, „ლიკუდი“ კი – 20-ს. გასულ კვირას ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 24-ს და 20-ს შეადგენდა. დღევანდელ გამოკითხვაში მესამე ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ოპოზიციური პარტია „ბიაჩადი“ (B’yachad) იკავებს 11 მანდატით; მას მოსდევს ოპოზიციური პარტია „ისრაელ ბეიტენუ“ — 9 მანდატით.
გამოკითხვა ასევე მნიშვნელოვან დეტალს აჩვენებს: ოფერ ვინტერის მემარჯვენე პარტია „ისრაელის ხალხი“ ქნესეთში მოსახვედრად საჭირო მხარდაჭერას ვერ აგროვებს. უკვე რამდენიმე თვეა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები 27 ოქტომბრის არჩევნებზე ჩიხურ სიტუაციას, ნეთანიაჰუს მომხრე და მოწინააღმდეგე ბანაკებს შორის ძალთა თანაბარ გადანაწილებას პროგნოზირებს.
დღევანდელი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრის მოწინააღმდეგე, ებრაული პარტიებისგან შემდგარი ბლოკი 54 მანდატს იღებს, ხოლო ნეთანიაჰუს მომხრე ბლოკი – 49-ს; ორივე მათგანი 120-წევრიან ქნესეთში უმრავლესობისთვის საჭირო 61 მანდატს ვერ აგროვებს. არაბული პარტიები 13 მანდატს მოიპოვებენ, ხოლო დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა „რეზერვისტები“ პარლამენტში ოთხი მანდატით შევა.
გასულ კვირას ნეთანიაჰუს მომხრე და მოწინააღმდეგე ბლოკებს შორის თანაფარდობა 55-51-თან იყო.