ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ კვლავ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ კვლავ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ კვლავ მასშტაბური, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრაციის მონაწილეები ერთ-ერთ სილამაზის სალონთან შეიკრიბნენ, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლე იმყოფებოდა. როგორც მედია წერს, ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პრემიერის ცოლი სარა ნეთანიაჰუ პოლიციამ გაიყვანა.

პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ქვეყანა კონსტიტუციური და სოციალური კოლაფსის ზღვარზეა და მხარეებს კონსენსუსისკენ მოუწოდებს.

მედიის ინფორმაციით, აქცია-პერფორმანსი გამართეს გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც მარგარეტ ეტვუდის რომანის, „მხევლის წიგნის“ გმირების მსგავსად წითელ მოსასხამებში იყვნენ წარმოდგენილი. აქციები ქვეყნის სხვადასხვა ადგილას გაიმართა.

სასამართლო რეფორმა, რომლის განხორციელებაც მთავრობაში ორი თვის წინ დაბრუნებულ ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს, ექსპერტების მოსაზრებით, საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ პროცესებს და ზრდის ხელისუფლების უფლებამოსილებას, გააუქმოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება.