ისრაელში ქართული დიასპორის საკითხთან დაკავშირებით ლაშა ჟვანიასა და ბექა ოდიშარიას შორის შეხვედრა გაიმართა
ისრაელში ჩვენ ყველაზე ძველი ქართული დიასპორა გვყავს, რომელიც 1 500-ზე მეტ წელს ითვლის. მე-5 საუკუნიდან მოყოლებული, ქართველები ძალიან ძლიერები იყვნენ იერუსალიმში და მის შემოგარენში. ამიტომ, ამ თემის აღდგენა ხდება და ძალიან დიდი ენთუზმითაა ჩვენი დიასპორა ისრაელში, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თემის აღდგენის პროცესში მათ ასევე ეხმარებიან ყოფილი თანამემამულეები, რომლებიც ისრაელში დიდი ხნის ჩასულები და ისრაელის მოქალაქეები არიან. როგორც ჟვანია ამბობს, ქართველების და ებრაელების ერთობა ახლა ისრაელში გრძელდება.
„ჩვენ განვიხილეთ ისრაელში ქართული დიასპორის საკითხი. ისრაელში ჩვენ ყველაზე ძველი ქართული დიასპორა გვყავს, რომელიც 1 500-ზე მეტ წელს ითვლის. მე-5 საუკუნიდან მოყოლებული ქართველები ძალიან ძლიერები იყვნენ იერუსალიმში და მის შემოგარენში. ამიტომ, ამ თემის აღდგენა ხდება და ძალიან დიდი ენთუზმითაა ჩვენი დიასპორა ისრაელში. მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან ასევე ჩვენი ყოფილი თანამემამულეები, რომლებიც ისრაელში დიდი ხნის ჩასულები და ისრაელის მოქალაქეები არიან. ამიტომ, ქართველების და ებრაელების ერთობა საქართველოში მუდმივად იყო და ახალა ისრაელში გრძელდება.
ასევე, მნიშვნელოვანია ქართველების გაძლიერება, რასაც დიასპორული სახლები აძლიერებს. დიასპორული სახლი გვაქვს ქალაქ ლოჯში. ასევე ბეთლემსა და იერუსალიმში. საქართველოს საპატრიარქომ, მისმა უწმინდესობამ დიასპორას საჩუქრად გადასცა სახლი წმინდა გიორგის საფლავთან, ქალაქ ლოჯში და იქ როგორც წესი, ვახერხებთ ხოლმე და დიასპორა იკრიბება. თითქმის ყოველკვირეულად სხადასხვა პროექტი გვაქვს დიასპორის გაერთიანებისთვის. არის გარკვეული პრობლემები სკოლასთან დაკავშირებით. ბავშვები შორს ცხოვრობენ და სხვა ქალაქიდან სხვა ქალაქში ვერ ახერხებენ ჩასვლას. ამას დაფინანსება და ხელშეწყობა სჭირდება. ეს საკითხებიც განვიხილეთ. ისრაელში ჩვენ გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო დიასპორა. მალე ნახავთ, როგორი ძლიერი დიასპორაა. საქართველოს ისრაელიდან დაეხმარებიან“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, შეხვედრაზე ისრაელში, იერუსალიმსა და თელავივში დიასპორული გამოწვევები განიხილეს. მისივე თქმით, ასევე ისაუბრეს ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც დიასპორას გააძლიერებს.
„ლაშა ჟვანია საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ჩვენ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ისრაელში, იერუსალიმსა და თელავივში დიასპორული გამოწვევები განგვეხილა. იქ ადგილზე არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რელიგიური საკულტო ძეგლები. ამის ირგვლივაც ვისაუბრეთ. ასევე ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც დიასპორას გააძლიერებს. ასეთი ხედვები ლაშა ჟვანიასაც აქვს და მეც. შევეცდებით, ამ მიმართულებით კონსოლიდირებულად ვიმოძრაოთ“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
ისრაელში ქართული დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ისრაელში საქართველოს ელჩთან ლაშა ჟვანიასთან ერთად განიხილა. მხარეებმა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ასევე პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ისრაელში ქართული საკვირაო სკოლებთან დაკავშურებით იმსჯელეს. ლაშა ჟვანიას თქმით, ქართველი ბავშვები სკოლიდან შორს ცხოვრობენ, რასაც ქართული მხარისგან დაფინანსება და ხელშეწყობა სჭირდება.