ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციის ორგანიზატორის მოძრაობა „შავი დროშების“ ინფორმაციით, სხვადასხვა ქალაქში დემონსტრაციებზე 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

ყველაზე ხალხმრავალი მანიფესტაცია თელ-ავივში იყო, სადაც საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაკავებულია ათობით ადამიანი. ასევე, სამართალდამცველებმა ასობით მომიტინგე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო დააჯარიმეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისრაელის ქუჩებში გასული დემონსტრანტები პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დემონსტრაციების გამართვას მათი საცხოვრებელი სახლებიდან ერთი კილომეტრის დაშორებით უკრძალავს. კანონის მოწინააღმდეგეები ინიციატივას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.

ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, 18 სექტემბერს საყოველთაო კარანტინი განმეორებით გამოცხადდა.

დატოვე კომენტარი