ისრაელში ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვების კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო
ისრაელში ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვების „კოვიდ-19“-ზე ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ისრაელს კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა ივნისში დაატყდა თავს, ინფიცირების მაჩვენებელმა შემცირება სექტემბერში დაიწყო. თუმცა, ბოლო ორი კვირაა, კორონავირუსის გავრცელების ზრდა შეინიშნება. ბოლო რამდენიმე დღეში გამოვლენილი შემთხვევების ნახევარი 11 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვებზე მოდის.
სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, ისრაელის 9,4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1,2 მილიონს ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 1,3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 57 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.