ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუსა და გადი აიზენკოტის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა მთავარმა პოლიტიკურმა ოპონენტმა, გადი აიზენკოტმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს. როგორც „ბიბისი“ წერს, მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა.
მხარეთა ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა საქმიანი იყო და ლიდერებმა ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირების საკითხი განიხილეს. თუმცა, ისრაელის მედიის ცნობით, მხარეებს შორის კვლავ სერიოზული უთანხმოებაა და მათი მოლაპარაკებების ჯგუფების შემდგომი შეხვედრები აღარ იგეგმება.
მანამდე ნეთანიაჰუმ აიზენკოტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის როტაციის პრინციპით დაკავება შესთავაზა.
„ჩემი, როგორც ლიდერის მოვალეობაა, გვერდზე გადავდო ყველაფერი, მათ შორის პრინციპი, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველაზე დიდი პარტიის წარმომადგენელმა უნდა დაიკავოს. თანახმა ვარ, ეს თანამდებობა პირველმა გადი აიზენკოტმა დაიკავოს“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
თავის მხრივ, აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს კოალიციური მოლაპარაკებები.
ისრაელის გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, აიზენკოტმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ არსებული კოალიციური პარტნიორების ერთგული რჩება, თუმცა მთავრობის ფორმირების შემდეგ „ლიკუდს“ მასში გაწევრიანება შეეძლება, თუ პარტია მთავრობის ძირითად პრინციპებს გაიზიარებს.
ცნობისთვის, 27 ოქტომბერს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ნეთანიაჰუს ბლოკმა 53 მანდატი მოიპოვა, აიზენკოტის ბლოკმა კი – 48. მთავრობის ფორმირებისთვის 120-ადგილიან ქნესეთში, სულ მცირე, 61 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. აიზენკოტს მთავრობის ფორმირებისთვის ვადა 6 დეკემბერს ეწურება, თუმცა მას ამ ვადის 14 დღით გახანგრძლივების მოთხოვნის უფლება აქვს. აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას თუ ვერ შეძლებს, ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა შესაძლოა, ეს სხვა პოლიტიკოსს დაავალოს. პოლიტიკური ჩიხის გაგრძელების შემთხვევაში კი ქვეყანაში, შესაძლოა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.