ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 800 ჰექტარი პალესტინური ტერიტორია დაიკავა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს
ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 800 ჰექტარი პალესტინური ტერიტორია დაიკავა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე 800 ჰექტარი პალესტინური ტერიტორია დაიკავა.

ისრაელის დასახლებების ზედამხედველობის ორგანოს, „მშვიდობა ახლას“ თქმით, ეს ყველაზე დიდი ფართობია, რომელიც ისრაელმა 1990-იან წლებში მიღებული ოსლოს შეთანხმების შემდეგ ერთბაშად დაიკავა.

მათივე განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მომავალში ისრაელის ხელისუფლება ამ ტერიტორიებზე ახალმოსახლეებს დაასახლებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების უკანონოდ დაკავებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს.

ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და მსოფლიოში არსებობენ ისინი, ვისაც სურთ, ძირი გამოუთხარონ ჩვენს უფლებას იუდეაზე, სამარიასა და, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ ტერიტორიების დასახლებას დაუღალავი შრომითა და სტრატეგიული გათვლებით მთელ ქვეყანაში“.

ისრაელის ქმედება დაგმო პალესტინის ადმინისტრაციის მთავრობამ.

„გრძელდება განადგურება და ჩვენი ხალხის გადაადგილება ჩვენსავე სამშობლოდან. საერთაშორისო საზოგადოების უუნარობა, დაიცვას ჩვენი ხალხი, თანამონაწილეობა და ხელის დაფარებაა ისრაელისთვის, რომელიც აგრძელებს სასჯელისთვის თავის არიდებას“, – განაცხადეს პალესტინის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიების დაკავების შესახებ ინფორმაცია იმ დროს გავრცელდა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ხვდებოდა.