ისრაელმა ღაზის სექტორში რადიკალური პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, ავიაიერიშების სამიზნე „ჰამასის“ საიდუმლო სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინაა.
მოგვიანებით ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ განახორციელეს დარტყმა შენობაზე, რომელშიც პალესტინური რადიკალური მოძრაობის ლიდერის, ისმაილ ჰანიას ოფისია განთავსებული.
ღაზის სექტორში საავადმყოფოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელმა დარტყმები განახორციელა ორ საწვრთნელ ბანაკზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის დაბომბვას სარაკეტო დარტყმაზე პასუხი უწოდა.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 მარტს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან გაშვებული ორი რაკეტა თელ ავივის მახლობლად საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ „ჰამასის“ ობიექტების დაბომბვების შემდეგ, ღაზის სექტორიდან სამხრეთში მდებარე დასახლებული პუნქტების მიმართულებით კიდევ რამდენიმე რაკეტა გაუშვეს.