ისრაელმა ღაზას სექტორიდან პროდუქციის ექსპორტი დაუშვა
ისრაელმა ღაზას სექტორიდან პროდუქციის ექსპორტი დაუშვა

ისრაელმა ღაზას სექტორიდან პროდუქციის ექსპორტი დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორიდან შეზღუდული რაოდენობის კომერციული პროდუქციის ექსპორტი დაუშვა.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვები ორი-სამი დღის განმავლობაში მოიხსნება და ღაზას სექტორიდან სოფლის მეურნეობისა და ტექსტილის პროდუქციის ექსპორტს შეეხება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება ახალ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის ოფისმა მიიღო და ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.

ისრაელი ღაზას სექტორის საზღვარს მკაცრად აკონტროლებს, დაჯგუფება „ჰამასიდან“ მომავალი საფრთხის გამო. საზღვრის დაცვა მაისში მიმდინარე შეტაკებების დროს კიდევ უფრო გამკაცრდა.

გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან საუბრისას, დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა იაჰია ალ-სინვარმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა საკმარისი არ არის და შესაძლებელია, დაპირისპირება კვლავ განახლდეს. გარდა ამისა, ალ-სინვარმა ისრაელი ყატარის დახმარების შეჩერებაში დაადანაშაულა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აფინანსებს ღაზას სექტორის რეკონსტრუქციის პროექტებს.

ალ-სინვარის განცხადებაზე ნაფტალი ბენეტის ოფისს კომენტარი არ გაუკეთებია. კვირას, 2014 წლის ღაზას ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან მისვლისას ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი საპასუხო დარტყმებით უპასუხებს საბრძოლო მოქმედებების განახლებას.