ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა
ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ცოტა ხნის წინ, ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე დარტყმა მიიტანა. მანამდე ლიბანის ტერიტორიიდან, რამდენიმე ანტისატანკო რაკეტა ისროლეს, რომელთა სამიზნე ისრაელის სამხედრო ბაზა იყო.

როგორც ისრაელში აცხადებენ, „ანტისატანკო რაკეტებიდან რამდენიმემ სამიზნეს მიაღწია“. ამის შემდეგ, ისრაელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ამასთან ისრაელელმა სამხედროებმა მოუწოდეს ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მცხოვრებ მოქალაქეებს, სახლები არ დატოვონ.

პარალელურად, ლიბანის არმია ავრცელებს ცნობას, რომ ისრაელის კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, ლიბანის ტერიტორიაზე ცეცხლის გამჩენი ნივთიერებები ჩამოაგდო, რამაც ტყეში ხანძარი გამოიწვია.

მოძრაობა ჰეზბოლა კი ამტკიცებს, რომ მათ მიერ ნასროლმა რაკეტამ ისრაელის სამხედრო მანქანა გაანადგურა, რომელიც ლიბანის საზღვართან იყო გაჩერებული.

ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 აგვისტოს ბეირუთში ისრაელის ორი დრონი ჩამოვარდა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. კვირას ღამით კი, ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც რადიკალური მოძრაობა „პალესტინის გათავისუფლების ეროვნული ფრონტის“ ბაზა მდებარეობს.