ისრაელის თავდაცვის მინისტრი - პალესტინის სახელმწიფოს ქაღალდზე აღიარებას ადგილზე ისრაელის დასახლებები მოჰყვება
პალესტინის სახელმწიფოს ქაღალდზე აღიარებას ადგილზე ისრაელის დასახლებები მოჰყვება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება პირობებით „მორალური მოვალეობაა“.
ისრაელის მთავრობამ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 22 ახალი დასახლების მშენებლობის ნებართვა დაამტკიცა. მათ შორის არის სა-ნურის აღდგენა, რომელიც 2005 წელს ღაზის სექტორიდან ისრაელის გასვლასთან ერთად ევაკუირებული იქნა.
ისრაელ კაცი მთავრობის გადაწყვეტილებას ახალმოსახლეთა მოძრაობისთვის „ისტორიულ მომენტად“ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს ასევე „მაკრონისა და მისი მეგობრებისთვის მკაფიო გზავნილს“ წარმოადგენს.
„ისინი პალესტინის სახელმწიფოს ქაღალდზე აღიარებენ, ჩვენ კი ებრაულ-ისრაელის სახელმწიფოს ადგილზე ავაშენებთ. ქაღალდი ისტორიის ნაგვის ურნაში გადაიყრება და ისრაელის სახელმწიფო აყვავდება. ნუ გვემუქრებით სანქციებით, რადგან მუხლებზე ვერ დაგვაყენებთ. ისრაელის სახელმწიფო საფრთხეების წინაშე თავს არ დახრის. ჩვენ ვართ ხალხი გრძელი და დიდებული ისტორიით. ჩვენ მტკიცედ დავდგებით და გავაგრძელებთ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხო და ძლიერ გზაზე ხელმძღვანელობას გამარჯვებამდე“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.