ისრაელის თავდაცვის მინისტრი მილიონი პალესტინელის გადასახლებით იმუქრება, თუ „ჰამასი“ არ განიარაღდება
ისრაელის თავდაცვის მოქმედი მინისტრი, ისრაელ კაცი
ისრაელის თავდაცვის მოქმედი მინისტრი, ისრაელ კაცი ღაზის სექტორიდან მილიონი პალესტინელის იძულებით გადასახლებით დაიმუქრა, თუ „ჰამასი“, დაპირებისამებრ, იარაღს არ ჩააბარებს. ახალი მუქარა იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის არმია „ჰამასის“ წინააღმდეგ წერტილოვან იერიშებს აგრძელებს.
„ჰამასი“ ან ნებაყოფლობით განიარაღდება და ღაზის დემილიტარიზაცია პრეზიდენტ ტრამპის გეგმის შესაბამისად განხორციელდება, ან ისრაელის ძალები განაიარაღებენ მას იმ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ღაზის მილიონი მცხოვრების სამხრეთის მიმართულებით გადაყვანას გამოიწვევს“, – დაიმუქრა კაცი ონლაინპლატფორმა X-ზე.
ღაზის ანკლავში მცხოვრები 2.1 მილიონი პალესტინელიდან თითქმის ყველა იძულებით გადაადგილებული პირია. ამჟამად მათ ღაზის ტერიტორიის მხოლოდ ერთ მესამედზე შეუძლიათ ცხოვრება, სექტორის დანარჩენ ორ მესამედს კი ისრაელის არმია აკონტროლებს.
დონალდ ტრამპის ინიციატივით შემუშავებული და 2025 წლის ოქტომბერში ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ისრაელის ძალებს შეუძლიათ, ღაზის სექტორის 53%-ზე იყვნენ განთავსებულნი.
თუმცა, ისრაელის არმია აღიარებს, რომ ანკლავის ტერიტორიის 60%-ზე მეტს აკონტროლებს, კაცი კი აცხადებს, რომ ღაზის ტერიტორიის 70% განადგურებულია და მას არმია აკონტროლებს. „დანარჩენ 30%-ზე „ჰამასის“ კონტროლი კი ილუზიაა“, – დასძინა კაცმა.
აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი და ივლისის ბოლოს „ჰამასის“ მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმა „ჰამასის“ განიარაღებასა და ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიის გაყვანას ითვალისწინებს.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეთავაზებული გეგმის ტექსტი უარყო და მის პირობებს არ დაეთანხმა. მან „ჰამასის“ ყოვლისმომცველი, სრული განიარაღება მოითხოვა, რომლის შესრულებაც კონტროლით უნდა დადასტურებულიყო.
თუმცა, ორივე მხარისთვის ეს გეგმა, ფაქტობრივად, ძალადაკარგულია.