ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, რომ ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი ადამიანები ისრაელის თავდასხმებს ემსხვერპლნენ
ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, რომ ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი ადამიანები ისრაელის თავდასხმებს ემსხვერპლნენ

ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, 29 ადამიანი ისრაელის თავდასმებს ემსხვერპლა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა სპიკერმა, ავიჩაი ადრეემ გაავრცელა და უარყო ინფორმაცია, რომ ისრაელის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ხალხს, რომლებიც ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდნენ.

„ცნობები იმის შესახებ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტზე ღაზის ათობით მოქალაქეს დაუმიზნეს, არასწორია“, – წერს ავიჩაი ადრეე სოციალურ ქსელში.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია და მის დასრულებამდე მედიას მხოლოდ სანდო ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის ორი ცალკეული თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა, 155 კი დაშავდა.