ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყეს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზის სექტორში სტრატეგიულ ობიექტებს იკავებენ.
„ბოლო დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი თავდასხმები ღაზის სექტორში სტრატეგიული ტერიტორიების დასაკავებლად, როგორც ახალი სამხედრო ოპერაციის საწყისი ნაბიჯი, რათა მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, მათ შორის მძევლების გათავისუფლებასა და „ჰამასის“ დამარცხებას“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ საჰაერო ძალებმა ღაზაში 150-ზე მეტი სამხედრო სამიზნე დაბომბეს.
ისრაელის ოფიციალური პირების თანახმად, ოპერაცია „გედეონის ეტლები“ გულისხმობს ისრაელის მიერ ღაზის „დაპყრობას“ და ტერიტორიის შენარჩუნებას, პალესტინელი მოსახლეობის სამხრეთისკენ გადაადგილებას. ამასთან, ოპერაციის თანახმად, ისრაელი თავს დაესხმება „ჰამასს“ და ხელს შეუშლის ტერორისტულ დაჯგუფებას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე კონტროლის აღებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 5 მაისს განაცხადა, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ გაფართოებულ, ინტენსიურ შეტევას გეგმავს.
პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში 250 ადამიანი დაიღუპა.