ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმანაცხადა. მისი თქმით, პალესტინელი მებრძოლები აღნიშნულ ზონაში ახლა მხოლოდ ცალკეულად, მეთაურების გარეშე მოქმედებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ჩრდილოეთ ღაზაში რვა ათასი მებრძოლი მოკლეს.

როგორც არმიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ახლა ისრაელის თავდაცვის ძალები ფოკუსირებული არიან სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში „ჰამასის“ განადგურებაზე.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ანკლავში 22 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე დასახლებებს თავს დაესხნენ, 1200 ადამიანი მოკლეს და ათობით პირი მძევლად აიყვანეს. ამ დროისთვის დაჯგუფების ტყვეობაში 120-ზე მეტი ადამიანი რჩება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს თავის სამხედრო კამპანიას „ჰამასის“ გასანადგურებლად, მძევლების გასათავისუფლებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღაზა აღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.

„ჩვენ ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ, ვიდრე სრულ გამარჯვებას მივაღწევთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.