ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთში, საავადმყოფოს ქვეშ აღმოაჩინეს „ჰეზბოლას“ ბუნკერი, სადაც დაჯგუფება 500 მილიონ დოლარზე მეტ ოქროსა და ნაღდ ფულს ინახავს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთში, საავადმყოფოს ქვეშ აღმოაჩინეს „ჰეზბოლას“ ბუნკერი, სადაც დაჯგუფება 500 მილიონ დოლარზე მეტ ოქროსა და ნაღდ ფულს ინახავს

ისრაელმა ბეირუთში მდებარე საავადმყოფოს ქვეშ აღმოაჩინა „ჰეზბოლას“ ბუნკერი, სადაც ტერორისტული დაჯგუფება 500 მილიონ დოლარზე მეტ ოქროსა და ნაღდ ფულს ინახავს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ჰაგარიმ აჩვენა „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალას ერთ-ერთი ბუნკერი, რომელიც ბეირუთში, საჰელის საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობს.

„ბუნკერი განზრახ არის მოთავსებული საავადმყოფოს ქვეშ და იქ ინახება ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ნაღდი ფული და ოქრო“, – თქვა მან.

პრესკონფერენციის დროს ჰაგარიმ დეტალურად აღწერა, თუ როგორ გადასცემს ირანი ფულს „ჰეზბოლას“ და რა გზებით აფინანსებს დაჯგუფება თავის ოპერაციებს. ჰაგარის თქმით, ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავები აკვირდებიან ობიექტს და გააგრძელებენ მის თვალთვალს.

კონტრ-ადმირალმა ეს დეტალები გაასაჯაროვა მას შემდეგ, რაც ისრაელმა გუშინ „ჰეზბოლას“ ფინანსურ ინსტიტუტებზე იერიში მიიტანა. როგორც ცნობილია, საჰელის საავადმყოფოდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი განაცხადეს, რომ საავადმყოფოზე თავდასხმა არ განხორციელდება, თუმცა ლიბანელ ხალხს მიაწოდა დეტალები, თუ სად არის ბუნკერის შესასვლელი.