ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი - ტერორისტები ვეღარ არღვევენ საზღვარს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ყველა მძევლის შესახებ
ტერორისტები ვეღარ არღვევენ საზღვარს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ყველა მძევლის შესახებ, – ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა გააკეთა.
პრესკონფერენციაზე ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ღაზის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქებში კვლავ დადიან კარდაკარ და ტერორისტებს ეძებენ.
„ვერცერთი ტერორისტი ვეღარ გადაკვეთს საზღვარს ღაზიდან ისრაელში. დღეს დილიდან რამდენიმე შეტაკება მოხდა ტერორისტებთან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კი საერთოდ აღარ ყოფილა“, – აღნიშნა ჰაგარმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, ისრაელის არმიას აქვს სრული ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომლებიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა.
„ამ დროისთვის უკვე 30 ოჯახს ვაცნობეთ. როდესაც ჩვენ დავასრულებთ ოჯახებისთვის შეტყობინებას, ღაზაში მძევლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა ჰაგარმა.
მისივე თქმით, 60-მდე მოიერიშე თვითმფრინავი ამ წუთებში ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს „ჰამასის“ ობიექტებზე.
ჰაგარმა აღნიშნა, რომ სამხედროებმა დაასრულეს საზღვრის მიმდებარე ქალაქების ევაკუაცია, თუმცა, მისი თქმით, არის რამდენიმე ოჯახი, რომლებმაც დარჩენა არჩიეს.
ლიბანიდან შეიარაღებული პირების შეღწევასთან დაკავშირებით ჰაგარი ამბობს, რომ შეიარაღებული პირების ვინაობა გამოძიების საგანია. ის ადასტურებს, რომ სამი ტერორისტი, რომლებმაც საზღვარი დაარღვიეს, მოკლეს, ერთმა კი ლიბანში გაქცევა მოახერხა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ აიღო.