ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური – ისრაელის მიღწევები უსაფრთხოების სფეროში არ აქარწყლებს 7 ოქტომბრის მარცხს და არ ამცირებს ჩვენს პასუხისმგებლობას მასზე
ისრაელის მიღწევები უსაფრთხოების სფეროში არ აქარწყლებს 7 ოქტომბრის მარცხს და არ ამცირებს ჩვენს პასუხისმგებლობას მასზე, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე განაცხადა.
ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ეს პასუხისმგებლობა მოითხოვს არა მხოლოდ გახსენებას, არამედ ცვლილებასაც.
„სამი წელი გავიდა და ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების კუთხით ახალი რეალობის წინაშე უწევს დგომა. ჩვენი მეთაურები და მებრძოლები, როგორც რეგულარული არმიის, ისე რეზერვის შემადგენლობიდან, ყველა ფრონტზე იბრძოდნენ და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა, ეს მიღწევებიც კი, რომლებმაც რეალობა შეცვალა, ვერ შლის 7 ოქტომბრის მარცხს და ვერ ამცირებს ჩვენს პასუხისმგებლობას მასზე…ამ მწარე მარცხისა და მძიმე შეცდომის ფონზე, ჩვენ უნდა გავუძღვეთ ერს აღდგენისა და გაძლიერების გზაზე“, – აღნიშნა ეიალ ზამირმა.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის დასახლებებს თავს დაესხნენ, სულ მცირე 1 195 ადამიანი ემსხვერპლა.