ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს ქვეყანაში მოსალოდნელი ძალადობის შესახებ აფრთხილებს
ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს ქვეყანაში მოსალოდნელი ძალადობის შესახებ აფრთხილებს

ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს ქვეყანაში მოსალოდნელი ძალადობის შესახებ აფრთხილებს.

როგორც „შინ ბეთის“ ხელმძღვანელმა ნადავ არგამანმა განაცხადა, სოციალურ ქსელებში რადიკალიზაცია გაზრდილია, რაც ძალადობის რისკს ზრდის.

„ჩვენ გამოვავლინეთ რადიკალიზაციის სერიოზული ზრდა და ძალადობრივი გამონათქვამები, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ამის გამო შესაძლოა, ზოგიერთი ინდივიდუალური პირისგან ან ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდეს ძალადობას ან უკანონო ქმედებებს, რამაც შეიძლება, მოქალაქეები დააზიანოს“, – აცხადებს არგამანი.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა და რელიგიურმა ლიდერებმა ძალადობის საწინააღმდეგო გზავნილი უნდა გააკეთონ.

დაძაბულობის ზრდა ისრაელში მთავრობის შესაძლო ცვლილებას უკავშირდება. მომდევნო კვირაში უნდა გაიმართოს ქნესეთის სხდომა, რომელზეც ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს წევრები ნდობას გამოუცხადებენ ახალ მთავრობას.

ახალი მინისტრთა კაბინეტის შესახებ შეთანხმება ოპოზიციამ გასულ კვირას მოახერხა. თუ ქნესეთმა ოპოზიციის კოალიციურ მთავრობას მხარი დაუჭირა, მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებულ ახალ მთავრობაში არიან როგროც ულტრამემარჯვენე, ისე მემარცხენე და ცენტრისტული პარტიები. ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანაჰუმ განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა „ისრაელს საფრთხეს უქმნის“.