ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 80 პოზიციაზე ავიაიერიში მიიტანეს
ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 80 პოზიციაზე ავიაიერიში მიიტანეს

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 80 პოზიციაზე ავიაიერიში მიიტანეს.

არმიის პრესსამსახურის ცნობით, პალესტინელი მებრძოლების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ წარმოებულ ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენები, თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები იყო ჩართული.

როგორც ცნობილია, ოპერაციის ფარგლებში თავდასხმები „ჰამასის“ პოზიციებზე განხორციელდა. ისრაელის არმიის ცნობით, მათი მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა სწორედ აღნიშნული ადგილებიდან მოხდა.
თავდასხმის ობიექტებს შორის იარაღის ორი საწყობი, საწვრთნელი ბანაკები, „ჰამასის“ მებრძოლების ხუთი ბაზა, სამეთვალყურეო პუნქტები და მიწისქვეშა გვირაბების გასასვლელები იყო.

საჰაერო თავდასხმების პარალელურად ღაზის სექტორისა და ისრაელის საზღვარზე 26 ოქტომბერს მორიგი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც ტრადიციულად პალესტინელებსა და ისრაელელ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირებით დასრულდა.

Reuters-ის ცნობით, არეულობის დროს ოთხი პალესტინელი დაიღუპა, 232 კი დაშავდა. მათგან 181 ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.

ღაზის სექტორის საზღვართან დემონსტრაციები უკვე რადენიმე თვეა გრძელდება. „დაბრუნების დიდი აღლუმის“ სახელით ცნობილი აქციები ყოველ პარასკევს იმართება. მასში ათასობით პალესტინელი იღებს მონაწილეობას.
პალესტინელები 1948 წლის ომის დროს დაკარგულ ტერიტორიაზე უფლებების აღდგენასა და ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორზე არსებული ბლოკადის შემსუბუქებას ითხოვენ.

მასშტაბური დემონსტრაციები კი ხშირად პალესტინელებისა და ისრაელელი ჯარისკაცების შეტაკებებით სრულდება. ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის დაპირისპირებებს 200-მდე პალესტინელი შეეწირა.