ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ბორელი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა, ბორელმა კი განაცხადა, რომ მინისტრმა „ხმამაღალი სიტყვებით არ უნდა ითამაშოს“
ანტისემიტიზმში დადანაშაულების შემდეგ ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ხმამაღალი სიტყვებით არ უნდა ითამაშოს“.
„ისტორიაში, სამწუხაროდ, იყო მაგალითები, რას ნიშნავს, იყო ანტისემიტი და არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვითამაშოთ ხმამაღალი სიტყვებით, რომლებსაც ისტორიაში ტრაგიკული განზომილება ჰქონდათ“, – აღნიშნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა.
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ისრაელ კაცმა ჯოზეფ ბორელი გააკრიტიკა ესპანეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის გამო, რომელიც, ისრაელის მედიის მტკიცებით, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ისახავდა მიზნად. შეხვედრაში ევროპისა და არაბული ქვეყნების ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. „ეს არის ბორელის მემკვიდრეობა – ანტისემიტიზმი და სიძულვილი ისრაელის მიმართ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.