ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით ისრაელში შევიდეს.
ისრაელ კაცი ერდოღანს ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს ადარებს.
„ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. მას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა ეს“, – წერს კაცი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სადამ ჰუსეინი ერაყის ლიდერი 1979-2003 წლებში იყო. 2003 წლის 14 დეკემბერს ის დააპატიმრეს, ხოლო 2006 წლის 30 დეკემბერს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასაჯეს.