ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაში ავტობუსის გაჩერებაზე უცნობი პირი გამვლელებს ცივი იარაღით თავს დაესხა. შედეგად, 70 წლის მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი. პოლიცია ამ თავდასხმას ტერაქტად მიიჩნევს. მათი ინფორმაციით, თავდამსხმელი ტრაგედიის ადგილზე გაანეიტრალეს.
როგორც სამაშველო სამსახური იტყობინება, თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის არიან მოზარდი ბიჭი, დაახლოებით 30 წლის მამაკაცი და ქალი. მათ სერიოზული ჭრილობები აღენიშნებათ. კიდევ ერთი დაშავებული 70 წლის ქალია, რომელსაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული. ყველა დაშავებული ჰაიფის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მედიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურებს თავდამსხმელის იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ. პირველადი ინფორმაციით, ის ისრაელის მოქალაქეა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა. თუმცა, Times of Israel-ის ცნობით, ჯერ ეს ინფორმაცია სამართალდამცველებს არ დაუდასტურებიათ.