ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - მინისტრთა არასრულ შემადგენლობასთან ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრაზე გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ღაზაში სამხედრო კამპანიის გაგრძელების ვარიანტები წარადგინა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის არასრულ შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა სამ საათს მიმდინარეობდა.
„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს ჩაატარა სამსაათიანი შეხვედრა, სადაც გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ღაზაში სამხედრო კამპანიის გაგრძელების ვარიანტები წარადგინა. ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედია წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან შეხვედრა მიმდინარე კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. როგორც ვარაუდობენ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი სხდომაზე ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის წინადადებით გამოვა.
ცნობისთვის, ისრაელის მთავრობის მეთაურის განზრახვის შესახებ ინფორმაცია იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც „ჰამასთან“ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და დაჯგუფების წევრებმა გაავრცელეს სამი ისრაელელი მძევლის ვიდეო, რომელშიც მძევლები სუსტად და გამოფიტულად გამოიყურებიან.