ისრაელის პრემიერ-მინისტრი - რუსეთში ისრაელის სააგენტო „სოხნუტის“ დახურვა სერიოზული მოვლენა იქნება, რაც ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი - რუსეთში ისრაელის სააგენტო „სოხნუტის“ დახურვა სერიოზული მოვლენა იქნება, რაც ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს

რუსეთში ისრაელის სააგენტო „სოხნუტის“ დახურვა სერიოზული მოვლენა იქნება, რაც ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ისრაელის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა იურისტებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას დაავალა, მზად იყვნენ მოსკოვში გასამგზავრებლად მოლაპარაკებებისთვის და სამართლებრივი დიალოგის წარმოებისთვის.

„რუსეთთან ურთიერთობა ისრაელისთვის მნიშვნელოვანია. ებრაული თემი რუსეთში არის დიდი და მას ყურადღება ექცევა რუსეთის მთავრობასთან ყველა პოლიტიკურ საუბარში. სააგენტოს ოფისების დახურვა იქნება მთავარი მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს ურთიერთობებზე“ – თქვა ლაპიდმა.

რუსეთის ხელისუფლებამ სააგენტოს გაუგზავნა მოთხოვნა რუსეთის ფედერაციაში საქმიანობის შეჩერების შესახებ. 11 ივლისს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სოხნუტის“ დოკუმენტაცია 30 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით გადაამოწმა, მაგრამ შემოწმების შედეგები არ გაამჟღავნა.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ებრაული სააგენტო „სოხნუტის“ ლიკვიდაციის სამართლებრივი პროცედურა არ არის დაკავშირებული ტვინების გადინების წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ გამოწვეულია რუსული კანონმდებლობის დარღვევით.

ებრაული სააგენტო, ხელს უწყობს ებრაელთა იმიგრაციას ისრაელში. რუსეთმა ისრაელს წერილი გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააგენტო სისტემატურად არღვევს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ისრაელში იმიგრაციის კანდიდატები.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო „სოხნუტის“ ლიკვიდაციას ითხოვს, სარჩელზე საუბარი 28 ივლისს არის დაგეგმილი.