კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ისრაელის პარლამენტმა მთავრობას უფლებამოსილება გაუზარდა
კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ისრაელის პარლამენტმა მთავრობას უფლებამოსილება გაუზარდა

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას კორონავირუსთან საბრძოლველად უფლებამოსილება გაუზარდა.

ქნესეთმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობის ფუნქცია შეამცირა. კერძოდ, დამტკიცებული კანონპროექტი ისრაელის მთავრობას უფლებას აძლევს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და შემოიღოს ახალი შეზღუდვები საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე.

ისრაელის პარლამენტმა გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების პარალელურად მიიღო. მოსახლეობის ნაწილი კორონავირუსულ ინფექციაზე ისრაელის მთავრობის რეაგირებას საკმარისად არ მიიჩნევს და კორუფციული სკანდალის გამო, პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვს.

კანონმდებლებს მთავრობის მიერ მიღებული ახალი რეგულაციების შესამოწმებლად 24 საათი ექნებათ. ამასთან, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ შეზღუდვები გადაუდებელია, ისინი ძალაში ავტომატურად შევა, ქნესეთს კი მათ შესაცვლელად ორი კვირა ექნება.

ისრაელის ოპოზიციის მტკიცებით, კანონმდებლობა მთავრობას ზედმეტად ბევრ უფლებამოსილებას ანიჭებს, რაც უჩვეულო და უპრეცედენტოა.

დატოვე კომენტარი