ისრაელის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს საქმიანობას ისრაელის ტერიტორიაზე
საერთაშორისო საზოგადოების ფართო წინააღმდეგობის მიუხედავად, ისრაელის პარლამენტის წევრებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს (UNRWA) საქმიანობას ისრაელის ტერიტორიაზე. კანონპროექტი 92 ხმით დაამტკიცეს ათის წინააღმდეგ.
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს თანამშრომელთა ათ პროცენტზე მეტს კავშირი აქვს ტერორიზმთან, ხოლო ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებები მუდმივად აღვივებენ სიძულვილს ისრაელის მიმართ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს „ჰამასის“ საბრძოლო ცენტრებსა და მებრძოლებს, რომლებიც პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს სკოლებში იმალებოდნენ.
ამასთან, ისრაელის პარლამენტში დაამტკიცეს მეორე კანონპროექტიც, რომელიც კრძალავს სახელმწიფო უწყებების ნებისმიერ კონტაქტს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთან. კანონის მოწინააღმდეგეების შეფასებით, ეს მკვეთრად შეზღუდავს სააგენტოს საქმიანობას ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნული კანონპროექტები მათ დამტკიცებამდე გააკრიტიკა, ხოლო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ კანონს „კატასტროფული შედეგები“ ექნება.
შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმაც. აშშ-ში აღნიშნეს, რომ სააგენტომ კრიტიკული როლი ითამაშა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გავრცელებაში.